logo
ENG



"ლიბერალური ფაშიზმის ბულინგს ვერ გაუძლეს" - მერია მგზავრების მიერ კონცერტის გაუქმებაზე

18 ოქტ 202410:50
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/18/a5tpeg0fdvtc378.jpg

თბილისის მერია ჯგუფ მგზავრების მიერ კონცერტის გაუქმებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მათ "ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლების ბულინგს ვერ გაუძლეს". გარდა ამისა, მერია თავის განცხადებაში, მოქალაქეებს 20 ოქტომბერს ზღვისუბნის პარკში კონცერტზე ეპატიჟება - გახსნა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებული აქციის პარალელურად დაიგეგმა.

"როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე ჯგუფ მგზავრების კონცერტი არ შედგება. სამწუხაროა, რომ მგზავრებმა ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რამდენად მზად არიან ე.წ რადიკალები, ყველაფერი გააკეთონ საკუთარი ქალაქის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. რაც შეეხება პარკის გახსნას, რასაკვირველია, ღონისძიება შედგება და თბილისელები თავიანთი ქალაქისთვის მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ", - წერია მერიის განცხადებაში.

***

ჯგუფმა მგზავრებმა თბილისის მერიის მიერ დაორგანიზებული კონცერტი გააუქმა: "მივმართავთ ჩვენს გულშემატკივარს, კონცერტი გაუქმებულია. საქართველოს მომავალი ევროპაშია", - დაწერა ჯგუფმა. 

"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - 20 ოქტომბერს თბილისში, 19:00 საათზე 4 ლოკაციიდან თავისუფლების მოედნამდე მარში გაიმართება.

 


close დახურვა